გიგი წერეთელი – მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბი, ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ხელისუფლების სამოქმედო გეგმა გააკრიტიკა და პარტიის სახელით ხელისუფლებას 3 წინადადება შესთავაზა.

წერეთელმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უნდა გაიზარდოს მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბი, რისთვისაც საჭირო იქნება დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნა.

„დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება ძალიან მძიმეა. არავითარი დამატებითი დრამატიზება ამას არ სჭირდება, ვხედავთ ციფრებს, მონაცემებს და ანალიტიკას. ძალიან სამწუხაროა, რომ თავისი შედეგებით და დღეს არსებული ვითარებით საქართველო ძალიან მაღლაა იმ უარყოფით სიაში, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ეს ეხება როგორც კორონავირუსის გავრცელების სიხშირეს, ასევე სიკვდილიანობას. მთლიანობაში, სამწუხაროდ, ბევრი ზომა არის არაეფექტური, მათ შორის ვაქცინაციის ტემპები, საინფორმაციო კამპანია, მენეჯმენტი, საწოლების რაოდენობა და სხვა, რაზეც ყოველდღიურად არის საუბარი. დღეს გვინდა „ევროპული საქართველოს“ სახელით რამდენიმე მოწოდება, მოთხოვნა და იდეა შევთავაზოთ საქართველოს ხელისუფლებას. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას თვითკმაყოფილების ტონით ესაუბრებიან, ხშირად ისევ ტრაბახს ვისმენთ, ამას სჯობდა კონკრეტული ეფექტიანი ინსტრუმენტები გამოეყენებინათ. 3 ძირითადი საკითხია, ეს არის მაქსიმალურად გაიზარდოს მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბი და ის რეალურად გახდეს მასობრივი. ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში“, – განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წამახალისებელი ღონისძიებებისა და შეღავათების დაწესება ვაქცინირებული ადამიანებისთვის.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს სისტემა დაამუშავოს, აამოქმედოს და რაც შეიძლება მეტი წამახალისებელოი ღონისძიება იყოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აიცრიან“,-განაცხადა წერეთელმა.