ხელისუფლებამ ჩართო სადამსჯელო მანქანა ჩვენი მხარდამჭერების დევნის მიზნით – ათეულობით საჯარო მოხელეა გათავისუფლებული – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის,  ნათია მეზვრიშვილის განცხადებით იზრდება პარტია ,,საქართველოსთვის” წევრებზე ზეწოლის შემთხვევები.

მისივე თქმით, თამაზ ჯოხაძის შემთხვევა არ არის ერთადერთი, როდესაც პოლიციელი გაუშვეს დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით.

,, დღეს ხელისუფლებამ ჩართო მთელი სადამსჯელო მანქანა. ხელისუფლება ჩვენი მხარდამჭერების დევნის მიზნით აქტიურად იყენებს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურს, ძალოვან უწყებებს, პოლიციას, შემოსავლების სამსახურს. ჩვენ, რა თქმა უნდა კარგად გვესმის ამ უწყებების ყველა იმ რიგითი თანამშრომლის, ვისაც ამის კეთება უწევს და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობას ამ პროცესებზე ვაკისრებთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

დღეის მდგომარეობით ათეულობით საჯარო მოხელეა განთავისუფლებული პოზიციებიდამნ, როგორც შუა რგოლის მენეჯერები ისე რიგითი საჯარო მოხელეები. მათ შორის არიან, მუნიციპალიტეტის, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ახალ ტენდენციას წარმოადგენს პოლიციელების დევნა პოლიტიკური ნიშნით. ბოლო თვეების განმავლობაში ათეულობით პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, გუშინდელი შემთხვევა არ არის ერთადერთი შემთხვევა” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის,  თამაზ ჯოხაძის განცხადებით, მას სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებდნენ. ჯოხაძემ „ფეისბუკის” პირად გვერდზე LIVE- ვიდეოში დაასახელა ადამიანები, რომლებმაც, როგორც თავად ამბობს, პოლიციიდან წასვლა მოსთხოვეს.