NDI- ის კვლევა: კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე გამოკითხულთ 47% უარს აცხადებს, 35% კი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა.

გამოკითხულთა 35% კი აცხადებს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა, 7% -ის თქმით, ვაქცინა უკვე გაიკეთა, ხოლო 11%-მქ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, იმ პირებიდან, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, აცრაზე უარის თქმის მიზეზად 47% ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აცრაზე უარს ამბობს გამოკითხულთა 20%; 7% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს; ორი პროცენტი ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია, ხუთი პროცენტი სხვა მიზეზს ასახელებს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 5%-მა .

კითხვაზე, რომ დასჭირდეთ ინფორმაცია აცრაზე რეგისტრაციის შესახებ, იციან თუ არა როგორ დარეგისტრირდნენ, გამოკითხულთა 56 პროცენტი აცხადებს, რომ არა, ხოლო 42 პროცენტი ამბობს, რომ ამის შესახებ აქვს ინფორმაცია. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა ორ პროცენტს.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.