ანა ნაცვლიშვილი – ხელისუფლებას გელათი არ ახსოვს

პარლამენტის კულტურის კომიტეტი არაფერს არ აკეთებს გელათის ტაძრის პრობლემის გადასაჭრელად – ხელისუფლებას გელათი არ ახსოვს, მე შესაბამისი წესით დავაყენებ საკითხს კულტურის კომიტეტზე და სხვა საპარლამენტო ფორმატებში, რომ სასწრაფოდ პარლამენტმა გაიღვიძოს გელათის საკითხთან მიმართებაში და განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, მან გელათის საკითხთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრსაც მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„მე მივმართე კომიტეტის თავმჯდომარეს კითხვით, მას შემდეგ, რაც ამა წლის 15 იანვარს, მას შემდეგ რაც კულტურის კომიტეტმა გამართა გასვლითი სხდომა გელათში და ამ სხდომის საფუძველზე მოამზადეს რეკომენდაციები, რა ხდება, ეს რეკომენდაციები როგორ სრულდება? რატომ ვერ აღმოიფხვა პრობლემა გელათში და ასევე, ზოგადი კითხვის სახით დავსვი – რას აკეთებს ზოგადად კულტურის კომიტეტი გელათის პრობლემის ირგვლივ? მივიღე ასეთი პასუხი, რომ კულტურის კომიტეტის მიერ მომზადებულ რეკომენდაციების შესრულებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მომზადებული ჰქონია შუალედური დასკვნა და თუ ეს დასკვნა და მასთან დაკავშირებული დეტალები მაინტერესებს, უნდა მივმართო თავად სააგენტოს. რას ნიშნავს ეს პასუხი? ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ კულტურის კომიტეტი არაფერს აკეთებს დღეს გელათის პრობლემის გადასაჭრელად. მე არ ვიცი რა არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, ვიდრე ის რაც ხდება გელათში.

გამოდის, რომ 15 იანვრის შემდეგ კულტურის კომიტეტს არ მოუკითხავს გელათის მდგომარეობა, ასევე კულტურის კომიტეტში არ ინახება მის მიერვე გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში და ასევე, არც აქამდე ჩატარებულა შუალედური ანგარიშის განხილვა და როგორც ირკვევა, არც გეგმავს კულტურის კომიტეტი, რომ რეკომენდაციების შესრულების ამბავი მაინც მოიკითხოს. ეს არის ნულოვანი საპარლამენტო ზედამხედველობა კულტურის კომიტეტის მხრიდან და ზოგადად პარლამენტის მხრიდან იმ უმწვავეს პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც არის დღეს შექმნილი ამ ხელისუფლების თავმოუბმელობის და მე ვფიქრობ, მიზანმიმართული უგულებელყოფის პოლიტიკის გამო. ხელისუფლებას გელათი არ ახსოვს და ნაცვლად იმისა, რომ გელათის თემა არ ჩამოდიოდეს პარლამენტის და კონკრეტულად კულტურის კომიტეტის დღის წესეიგიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ უკიდურესად ფორმალისტური და არაფრის მთქმელი პასუხი აქვს დღეს კულტურის კომიტეტს. მე შესაბამისი წესით დავაყენებ საკითხს კულტურის კომიტეტზე და სხვა საპარლამენტო ფორმატებში, რომ სასწრაფოდ პარლამენტმა გაიღვიძოს გელათის საკითხთან მიმართებაში და განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა. ჩვენ არ ვიცით დღემდე, გადარჩება თუ არა გელათის ფრესკები და რას აკეთებს ხელისუფლება. გელათის საკითხზე კულტურის მინისტრს პასუხი არ გაუცია”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.