სალომე ზურაბიშვილი – გარედან კომფორტში მყოფი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს მედიცინის სამყაროს იმ თავდადებულ პირებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას

ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. ჩვენი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს. რომელმაც ჩვენი 6 2 78 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. ნუთუ ეს ამ მცირერიცხოვანი ერისთვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს. დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც ეს არ იყოს საომარ ველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა საქართველოს ნამდვილ ბრძოლაშია.

„ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაშიც, როგორც 900 წლის წინ უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი. სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან კომფორტში მყოფი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს, შეურაცხყოფას აყენებს მედიცინის სამყაროს იმ თავდადებულ პირებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია, მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პიროვნებები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა. აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღვოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღეს აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.