„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევებით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 46,3%-ს მიიღებს, „ნაცმოძრაობა“ 23,3%-ს, ხოლო „გირჩი-მეტი თავისუფლება“-5,3%-ს

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“- ამომრჩეველთა ხმების 46,3%-ს მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ 23,3%-ს, ხოლო „გირჩი-მეტი თავისუფლება“-5,3%-ს.

როგორც „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია თბილისში არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოიგებს.

„ასევე წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს: კერძოდ, „ქართული ოცნება“- 46,3%, „ნაციონალური მოძრაობა“ 23,3%, „გირჩი-მეტი თავისუფლება“-5,3%, „საქართველოსთვის“ -5,2%, „მოქალაქეები“ – 3,3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-2,3%, „ლელო“-2,3%, „პატრიოტთა ალიანსი“-2,1%, „ევროპული საქართველო“ -1,4%,“გირჩი“1,4%, „ლეიბორისტული პარტია“-0,9%, „ერთიანი საქართველო“-0,8%, სხვა პარტიები 5,6%.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია.

საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები კვლევით ნაჩვენები შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა:

„ქართული ოცნება“ – 22 მანდატი,

„ნაციონალური მოძრაობა“ – 11 მანდატი

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3 მანდატი

„საქართველოსთვის“ – 2 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი.

მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან 32 წევრით იქნებოდა წარმოდგენილი.

როგორც მოგეხსენებათ, საკრებულოში სტაბილური უმრავლესობა არის იმის აუცილებელი პირობა, რომ კახა კალაძემ შეუფერხებლად განაგრძოს 4 წლის წინ დაწყებული საქმე და დაბრკოლების გარეშე იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე. შეჯამების სახით, აღვნიშნავთ, რომ კვლევის შედეგები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობაზე. გვჯერა, რომ კახა კალაძისა და საკრებულოში მისი გუნდის გამარჯვება ნიშნავს თბილისის გამარჯვებას და დარწმუნებული ვართ ამ გამარჯვებაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.