ლევან დავითაშვილი – პრემიერის ინიციატივით, საქართველოში იწყება სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური თანადაფინანსების პროექტი

ჩვენ გვახსოვს, რომ მოგვყვადა მოსავალი, მაგრამ ამ მოსავალს სჭირდებოდა შესაბამისი დაბინავება. სწორად ორგანიზებული გადამუშავების სექტორი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად ორგანიზებული შემნახველი მეურნეობები ასევე მნიშვნელოვანია და აქაც ჩვენ გვაქვს საგრანტო თანადაფინანსება, აქაც გვაქვს ნახევარი კაპიტალის ინვესტიციის გრანტის კუთხით თანადაფინანსება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ეს არის ნახევარმილიონიანი გრანტები იმისთვის, რომ შესაბამისი, ადეკვატური სიმძლავრეები შეიქმნას გადამამუშავებელი, თუ შემნახველი მეურნეობების კუთხით.

„ეს მოგვცემს საშუალებას, რაც ჩვენ თვალსაჩინოდ დავინახეთ, რომ უფრო მაღალ ფასად მოვახდინოთ ჩვენი პროდუქტის რეალიზება, არ გაფუჭდეს, ჩვენი შრომა წყალში არ გადაიყაროს და ჩვენ გვქონდეს მეტი სავაჭრო ძალა, მათ შორის ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის გატანისას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერთან ერთად, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, თქვენ გჭირდებათ წვდომა ბაზრებზე. პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში საუბრობდა, რომ ერთ-ერთი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, ეს იყო ახალ ბაზრებზე წვდომა ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის და არა მხოლოდ. ეს არის ყველაზე დიდი ტრადიციული ბაზრის გახსნა რუსეთის მიმართულებით. აქ ჩვენ ყველა ტექნიკური საკითხი,სანიტარული ნორმები შევასრულეთ და დავალაგეთ. აქ იყო დიდი ძალისხმევა ჩვენი პარტიის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი გუნდის და ხელმძღვანელობის. ეს იყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ბატონი პარლამენტის თავმჯდომარეც საუბრობდა, ჩვენ გვაქვს წვდომა 500 მილიონიან ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. ეს არის ბაზარზე წვდომა სხვადასხვა მიმართულებით, თავისუფალი შეთანხმებები ჩინეთთან და ა.შ. ეს არის ის საშუალებები, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ ერთად, მაგრამ ამისთვის, ჩვენ უნდა შევქმნათ მეტი პროდუქცია, მეტი დოვლათი, იმიტომ, რომ გვქონდეს გასაყიდი პროდუქტი და მეტი შემოსავალი, მეტი საექსპორტო შემოსავალი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროექტზე, რომელიც პრემიერის ინიციატივით იწყება.

„ძალიან კონკრეტული, რაც ყველას აინტერესებს, პრემიერის ინიციატივით, საქართველოში იწყება უპრეცედენტოდ მასშტაბური თანადაფინანსების პროექტი, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის. ეს არის ის, რაც ყველა ფერმერს სჭირდება და ყველა ფერმერს აკლია დღეს, რადგან გვაქვს წლებით დაგროვილი დეფიციტი სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის. იმისთვის, რომ თქვენი შრომა იყოს მარტივი, მეტი პროდუქცია მოიყვანოთ, ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომა. აქაც, სახელმწიფოს ექნება თანადაფინანსება, საგრანტო თანადაფინანსება და რა თქმა უნდა, ის მეორე ნაწილი, რაც თვითონ ფერმერმა უნდა დააფინანსოს, ეს შეიძლება შევსებული იყოს შეღავათიანი აგროკრედიტით, ან აგროლიზინგით, სადაც ასევე, საპროცენტო თანადაფინანსებას აკეთებს სახელმწიფო. პროგრამა დაიწყება უკვე სექტემბერში და ყველას მოგიწოდებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოთ პროგრამაში აქტიურად. ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საიტზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.