სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

თეა ახვლედიანის განცხადებით, 14 აგვისტო თითოეული ჩვენგანის საერთო ტრაგედიაა და სწორედ ამიტომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„14 აგვისტო უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის, ასობით ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრი და ახლობელი დაკარგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ გმირები, რომელთა ხსოვნას მინდა პატივი მივაგო და ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე. ეს არის საერთო ტკივილი, საერთო ტრაგედია აფხაზთა და ქართველთა, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ მშვიდობის ძალით, შერიგების, ნდობის აღდგენის გზით, რათა არასდროს განმეორდეს ასეთი ტრაგედია“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.