ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მაღალი გამავლობის სპეცმანქანები გადაეცა

ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მაღალი გამავლობის სპეცმანქანები გადასცეს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.

ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა და თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. მინისტრის თქმით, სპეცმანქანები მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ტიკარაძის განცხადებით, აუცილებელია სასწრაფოს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაც.

ევროსტანდარტების მიხედვით აღჭურვული Mercedes Benz–ის მარკის, მაღალი გამავლობის მანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა. მინისტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და დააანონსა, რომ ახალი შენობები აშენდება ბათუმში, ხულოსა და ქედაში.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ტერიტორიაზე აშენდება.