ვირუსის გავრცელების შემცირების ეფექტი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის – ჯანდაცვის მინისტრი

რეგულაციები შემოღებულია სულ რამდენიმე დღეა და აქედან გამომდინარე, შემცირების ეფექტი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის და ამის მოლოდინი არც ჩვენ არ გვქონია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებლის ზრდის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ანტირეკორდი ჯერჯერობით მოსალოდნელი იყო.

“ანტირეკორდი ჯერჯერობით მოსალოდნელი იყო, ვინაიდან 80% შედეგის დადგომა შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ 2 კვირის შემდეგ იქნება განხილვაში. რეგულაციები შემოღებულია სულ რამდენიმე დღეა და აქედან გამომდინარე, შემცირების ეფექტი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის და ამის მოლოდინი არც ჩვენ არ გვქონია”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ვაქცინაციის შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საკმაოდ რთული ვითარების გამო, სასურველი იქნება ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

“ვაქცინაციის მაჩვენებელი არის ძალიან კარგი ვინაიდან პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ვაქცინაციის კალენდარს და ვმუშაობდით ჩვენს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის გათვლილი იყო, რომ დღიური ვაქცინაცია უნდა ყოფილიყო 20 ათასი დღეში, თუმცა ჩვენ აქაც გვაქვს რეკორდი და უკვე 2 კვირის მანძილზე 25 ათასს ვაჭარბებთ ვაქცინირებულების რაოდენობით. ეს არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ აღმავალ ტალღაზე და არის საკმაოდ რთული ვითარება, სასურველი იქნება ეს შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.