თენგიზ ცერცვაძე: შემთხვევების ამ კატასტროფული ზრდის ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებაა, რაც გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებასაც გამოიწვევს.

„შემთხვევების ამ კატასტროფული ზრდის ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია. ქვეყნის მთავარი ამოცანაა როგორმე შეამციროს ინფიცირებულთა რიცხვი. როგორ უნდა მივაღწიოთ შემთხვევების შემცირებას? ორი ძირითადი გზით. ერთი არის რეგულაციების უპირობო, უსიტყვო შესრულება, მეორე არის ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია. ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება. სწორედ ამიტომ, წინასწარ მივიღეთ პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტლები“, – განაცხადა ცერცვაძემ.