რომის პაპი ყველას მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ

რომის პაპი ყველას მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ. ამის შესახებ პაპ ფრანცისკეს მიმართვაშია ნათქვამი.

რომის პაპის განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულების იმედს იძლევა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, – აცხადებს პაპი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, კორონავირუსის ვაქცინები საყოველთაოდ ძირითადად მდიდარ ქვეყნებში არის ხელმისაწვდომი, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ შექმნილი ვაქცინის მიმართ უნდობლობის გამო, ბევრი ადამიანი უარს აცხადებს მის მიღებაზე, რაც მათ ვირუსის მიმართ დაუცველს ხდის, განსაკუთრებით დელტა ვარიანტის მიმართ.