ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  სწავლის განახლებაზე საკოორდინაციო საბჭო ორი კვირის შემდეგ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის დაწყების საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ორი კვირის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო მას არსებული ვითარებისა და რისკების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რა ვითარება და შედეგები იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით ორი კვირის შემდეგ​.

„რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება. ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან და დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.