პოლიციამ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინსიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებულ გ.ლ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში, კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნ.ღ.-ს მისწერა თითქოს, მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ
უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი. ნ.ღ-მ ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს, სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან
საქართველოში, გ.ლ-ს სახელზე გამოგზავნა თანხა 300 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული თანხა გ.ლ.-მ გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან, რითაც ნ.ღ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ სინაგან საქმეთა სამინისტროში.