ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს შესაძლოა ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური თავდებში დაუდგნენ

ოლიმპიური ჩემპიონის ერთ-ერთი ადვოკატი კახა ცნობილაძე ამბობს, რომ დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, ზურაბ ზვიადაურისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

მისივე თქმით, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური უდგებიან.

“სასამართლოს მოვთხოვთ აუცილებლად, რომ ზურაბ ზვიადაურს გირაო შეეფარდოს. ასევე ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს.

ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და არა მარტო ბექაური, ლაშა ტალახაძეც მზად არიან ჩაუდგნენ თავდებში ამ ადამიანს“, – განაცხადა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით  8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.