გარეჯის საქმის პროკურორი: ივერი მელაშვილის განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის, პროკურატურა სასამართლოში ახალ მტკიცებულებად წარადგენს

ივერი მელაშვილის განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის, პროკურატურა სასამართლოში ახალ მტკიცებულებად წარადგენს, – ამის შესახებ, დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძის განაცხდა.

„დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგალითად, იმ განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის. ეს არის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები და ბუნებრივია, ამას ჩვენ მტკიცებულებად წარვადგენთ, რადგან ასეთი ფორმით გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამისობაში არის ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომელიც ასევე დოკუმენტურადაა დადასტურებული საქმეში“, – განაცხადა სადრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებებისთვის ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ 20-20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.