შესაძლოა, დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველო“ დატოვოს – „კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი“

პარტიაში გადალაგებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„პოლიტიკურ პარტიას, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ ევროპული საქართველოსგან, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დეტალებს საზოგადოებას კვირის ბოლომდე გააცნობენ.

„უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ის, რაც დღეს შემიძლია, ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება ამ შემთხვევაში, ეს გავლენას არ მოახდენს საერთო პოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.