ალეკო ელისაშვილი – თუ „ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი მივა, მას შეუძლია კრედიტი 10%-ში აიღოს, ხოლო თუ სესხს პენსიონერი გამოიტანს, მას 36%-ში აძლევენ და ამ დაუცველ ადამიანებს ატყავებენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერთათვის პენსიის გაცემის საკითხზე მოსმენის გამართვისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის, სოციალური სააგენტოსა და თავად ბანკის წარმომადგენლების დაბარების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასეთი მოსმენის გამართვას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ითხოვს, რომლის შეფასებით, „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან პენსიონერთა არნახულ ძარცვას აქვს ადგილი“.

„მტკივნეული საკითხია პენსიონერთა პენსია და საბანკო პროცენტი. „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს ძარცვავს! ჩვენს თვალწინ გამაოგნებელი უსამართლობა ხდება, როცა თუკი „ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი მივა, მას შეუძლია კრედიტი 10%-ში აიღოს, ხოლო თუკი სესხს პენსიონერი გამოიტანს, მას 36%-ში აძლევენ და ამ დაუცველ ადამიანებს ატყავებენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, პენსიონერთა 50%-ს რამდენიმე თვის და რამდენიმე წლის პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.