ნიკა მელიას მიმართ წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა, თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ – ლევან იოსელიანი

თუ პარლამენტში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ამ საქმეს 20 ივნისის საქმეების კონტექსტში ვუყურებ. თქვენ იცით, რომ ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვიყავი, ამ საქმეების შინაარსა და მტკიცებულებებს ვიცნობ. პრაქტიკულად, ყველა საქმე ერთი და იმავეა. ბესიკ თამლიანის საქმისგან მელიას საქმე არაფრით განსხვავდება მტკიცებულებების თვალსაზრისით. ეს საქმეები ვერ ამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას იმაში, რაშიც ედავებიან. „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა. თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, მან ეს გირაო გადაიხადოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა იოსელიანმა.