ექსპორტის მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე ექსპორტის მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავენ.

ერთ-ერთ ვერსიად განიხილება საკითხი,

რომლის მიხედვითაც გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და ასე გამოვლინდება ლიცენზიანტი, რომელსაც საქართველოში კანაფის საექსპორტოდ მოყვანის უფლება მიენიჭება. სალიცენზიო პირობებით განისაზღვრება კანაფის წარმოების გეოგრაფიული არეალი და წლიური ოდენობაც.

როგორც გუშინ შსს-ში განმარტეს, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

უფრო კონკრეტულად კი, კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.