7 მილიონი დოლარი – ოქრუაშვილი ხალვაშის წინააღმდეგ

ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ– თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შევიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.

ოქრუაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს.

დღეს ბევრია საუბარი იმაზე, რომ ეს დოკუმენტები ყალბია, ამას ამბობს პაატა სალიაც,რომელიც რა თქმა უნდა ტყუის, არსებობს დადასტურებული მტკიცებულება სამი ექსპერტისა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტისა, რომ ეს არის ნამდვილი, ასევე ჩანიშნულია ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც არ ცხადდება ბატონი ხალვაში“-ამბობს პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა რეხვიაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, გია ზედელაშვილი  ამბობს,რომ ამ დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ “რუსთავი2”-ის წილი შეძენილი იქნა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელით.ასევე დასტურდება,რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა ქიბარ ხალვაშს.

ასევე, როგორც ადვოკატი განმარტავს, ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე მოეხდინა რაიმე საქმიანობა “რუსთავი2”-თან მიმართებაში და თუ ამ პირობას დაარღვევდა ის ვალდებულია ირაკლი ოქრუაშვილს გადაუხადოს 7 მილიონი დოლარი. ადვოკატი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშმა ეს პირობა დაარღვია.