თქვენი მევახშე, პროვოკატორი სიდედრის გამო, ჩვენი ვეტერანი ქუჩაში დარჩა!

სულ რამდენიმე კვირის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიცია, ვეტერან ზურაბ ალავიძის ოჯახს კანონდარღვევით ასახლებდა საკუთარი საცხოვრებელიდან, მაგრამ მათ არ ჰქონდათ არც გადაწყვეტილება და არც სააღსრულებო ფურცელი, ვინაიდან  2016 წლის 1 იანვრის ცვლილებით, აღსრულება (გამოსახლება) შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოების დიდი მხარდაჭერით  გამოსახლების პროცესი შეჩერდა. როგორც მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილები ამბობდნენ, ზურაბ ალავიძე მევახშეს (რომელსაც ხელისუფლებაში საკმაოდ გავლენიანი მფარველები ჰყავს)  უბრუნებს აღებული სესხის ორმაგ ოდენობას, გარდა ამისა პროცენტის სახით საკმაოდ დიდი თანახა აქვს გადახდილი.

-„ მიუხედავად ამისა მევახშეს ზურას ქონების დაპატრონება უნდა. ბინის გასხვისება მოხდა მოტყუებით. ვეტერანები გვერდით დავუდექით ზურას ოჯახს. აღსრულების პოლიციამ ვერ განახორციელა გამოსახლება. მართალია, საქმე ბოლომდე არ დასრულებულა და გამოსახლება გადაიდო, მაგრამ მევახშესთან შედგა კომუნიკაცია და ვფიქრობთ კომპრომისის მიღწევა შესაძლებებლია“-აცხადებდნენ 8 ივნისს ზურაბ ალავიძის მხარდამჭერები.

დღეს კი გაირკვა, რომ შეთანხმება არ შედგარა, რადგან ალავიძეების ოჯახი მაინც გამოასახლეს. ადგილზე იმყოფებოდა „მებრძოლ ვეტერანთა კავშირის“ ხელმძღვანელი, ემზარ ქვარიანი, რომელმაც საჯაროდ მიმართა პრეზიდენტის მრჩეველს კახა კოჟორიძეს. (როგორც ამბობენ, აღნიშნული მევახშე კოჟორიძის სიდედრიაო)

-„თქვენი მევახშე, პროვოკატორი სიდედრის გამო, ჩვენი ვეტერანი ქუჩაში დარჩა , თავისი დაპატიმრებით. ამ ყველაფრის მონაწილე ბუნებრივია თქვენც ხართ, აქედანვე გეტყვით, რომ თქვენს სახლსაც მოვადგებით და პრეზიდენტის რეზიდენციასაც. რათა ყველამ გაიგოს, მევახშეები როგორ ექცევიან დამსახურებული ომის ვეტერან ზურაბ ალავიძის ოჯახს,თქვენი სანუკვარი სიდედრის ჩათვლით და თუ თქვენ ამ ყველაფერს მშვიდად უყურებთ, პირდაპირ გეტყვით, რომ მაგ დამსახურებულ კაცს, რომელსაც სიცოცხლე აქვს გაღებული თავისი ქვეყნის გამო, არ დაგაჩაგვრინებთ. აუცილებლად მიიღებთ შესაბამის პასუხს იმ ვეტერანებისგან, რომელიც მის გვერდით დავდგებით, მისი უფლებების დასაცავად.

ზურაბ ალავიძე ის ადამიანია, რომელიც თქვენი მევახშე და პროვოკატორი სიდედრისგან დაზარალდა!“

ზურაბ ალავიძე გამოსახლების პროცესში მევალესთან დალაპარაკებას ცდილობდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა და ვეტერანის დაკავებით დასრულდა.

13346949_10201613276129010_5567446437061098794_n

კომენტარის დატოვება