აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ავღანელი ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გამო

აშშ, ევროკავშირი და კიდევ 19 სახელმწიფო ავღანეთში ქალებისა და გოგონების მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ავღანელი ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გამო. მოვუწოდებთ მათ, ვინც ავღანეთში ძალაუფლებისა და უფლებამოსილების მქონეა, უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა. ავღანელი ქალები და გოგონები, ისევე როგორც ყველა ავღანელი, იმსახურებენ უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრებას. ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა თავიდან აცილებული უნდა იყოს. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ, დავეხმაროთ მათ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ უზრუნველყოფს ნებისმიერი მომავალი მთავრობა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ავღანეთში ქალებისა და გოგონების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.