ზურაბ ზვიადაური – თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრალში რაც წერია, ასე არ იყო

თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრალში რაც წერია, ასე არ იყო, დანარჩენს ადვოკატები იტყვიან, – განცხადა სასამართლო პროცესზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ბრალის გაცნობის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში.

თელავის რაიონული სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს.

ბრალდების მხარემ ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ამის არგუმენტად კი მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება და ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენა დაასახელეს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ზვიადაურის ადვოკატებმა 50 000-ლარიანი გირაოსა და თავდებობის შუამდგომლობა დააყენეს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ზვიადაურს თავდებში უდგებიან ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე მსოფლიო ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და პოლიტიკოსი ზაქარია ქუცნაშვილი.

საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი დღეს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.