ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა – ზურაბ ზვიადაურმა სასამართლოზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა

თელავის სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად ბრალდებულმაც და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.

“მე ნათქვამი მაქვს გამოიძებისთვის, რომ როცა დავურეკე ჩემს ძმას და მითხრა არ მცალიაო, დავურეკე ჯაბას სად ხარ-თქო. მითხრა, რომ ვარ წინანდალშიო. ამათ მოსვლიათ ჩხუბი. უცემიათ ჯაბა და მისი მეგობარი ამ ჯგუფს. როგორც მითხრა მცემესო, მითხრა სადაც იყვნენ. ზვიადი სად არის-თქო და აქ არისო. ახმეტიდან წავედი. რომ ავედი ადგილზე იყო ხალხი შეგროვებული ძალიან ბევრი. პირველ ნაკადს რომ ავცდი, მივხდი, რომ 15-20 მეტრის ზემოთ დავინახე ჩემი ძმა და ესენი. მაგდენივე იყო ჩემის ძმის მხარესაც ალბათ. ზემოთ იყვნენ ესენი, ვისთანაც მივდიოდი მე. რომ მივედი და გავაჩერე მანქანა, გადმოვედი, გადავკოცნე ჩემი ძმა, არ მენახა იმ დღეს. შევეკითხე რა ხდება-მეთქი. ქვემოთა მხრიდან დაიწყო ამეებმა საუბარი, ყვირილი, რომელიც დილით იყო, კონფლიქტში გადმოდიოდნენ წინ, აქ დაიღვრება სისხლიო. ამ ადამიანს ეკიდა ჩანთა და ხელი ჰქონდა ჩადებული. როგორც კი მივიდნენ ესენი, ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა და მოყვა ეს შედეგი,”- განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი დღეს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.