ქუცნაშვილი მოსამართლეს: ზვიადაური ჩემს სახლში იყოს პატიმრობაში, მე ვიქნები პასუხისმგებელი

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუ სასამართლო მის შეთავაზებას მიიღებს, ზვიადაურზე თავად იქნება პასუხისმგებელი.

“მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზურაბ ზვიადაური იცხოვრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე… შეგვიძლია მთელი სახლი დავუთმოთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლესაც იქ მივიყვანთ. თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე, კარებს ჩავკეტავ გასვლისას და გავაღებ მოსვლისას. იგივე მოხდება ციხეშიც.

მე ვამბობ, რომ სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს ზურას წინასაწარ პატიმრობაში. სისტემას არ დააწვება ახალი ​პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი. ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ მე, ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული. ეს სახლი მდებარეობს თბილისში, საირმის გორაზე”, – თქვა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი დღეს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

ზვიადაურის თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და რაც ბრალში წერია, სიმართლეს არ შეესაბამება.