„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.

„საქსტატის“ შედეგების მიხედვითვე, 2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1%-ს შეადგენს.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7 პროცენტული პუნქტით.

„2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 6.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 5.7 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

2021 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.7%-ს, ხოლო კაცებში 63.7%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.0 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით“,- აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.