რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენეს. ონიანის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

ლევან ონიანმა, რიგგარეშე სხდომაზე, ფარულ კენჭისყრამდე დეპუტატებს კითხვით მიმართა, დაესახელებინათ კონკრეტული მიზეზი თუ რატომ სურდათ მისი თანამდებობიდან გადაყენება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ განაცხადა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

საკრებულოს თავმჯომარემ ლევან ონიანმა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგები რამდენიმე დღის წინ 12 აგვისტოს დატოვა. როგორც ონიანი აცხადებდა, ის სოსო გოგაშვილთან ერთად ,,სახალხო პარტიას“ შეუერთდა. „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზი, ონიანის განცხადებით, ის საკადრო პოლიტიკაა, რომელიც ბოლო პერიოდში ტარდება მმართველი გუნდის მხრიდან, იმ ადამიანების მიმართ „ვინც 2012 წელს თავდაუზოგავად იბრძოდა“.