ირაკლი ღარიბაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს სთავაზობს დესტაბილიზაციას, რევოლუციას და ომებს, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას

„ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა უფრო მეტად გაძლიერებულიყო.

„მინდა, რამდენიმე წუთით პოლიტიკური სიტუაცია შევაფასოთ, ვიცი რა, ვის წინაშეც გამოვდივარ – გურულები არ მაპატიებთ არასწორი შეფასების გაკეთებას. მე და ჩვენი გუნდი ვსაუბრობთ რეალურ გეგმებზე, გაკეთებულ საქმეებსა და იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ. მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ, რას გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები – „ნაციონალური მოძრობა“, რომლის ხელწერაც კარგად მოგეხსენებათ, რაც იყო – ტერორი, წამება და ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ხალხის, მოჩვენებითი, ფასადური, ფრაგმენტული პროექტების ჩათვლით. ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას. გარდა ამისა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა.

ჩვენ, ბოლო წლებში, ძალიან მოკლე ვადებში შევძელით ხელშესახები, ისეთი ხელშესახები პროექტებისა და პროგრესის მიღწევას, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რომელიც მანამდე მართლაც წარმოუდგენელი იყო. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, გავხსენით ბაზრები რუსეთთანაც. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რაც შეიძლება მეტი ბაზრების ათვისება. ჩვენ ყველა ბაზარი და ყველა ქვეყნის პოტენციალი უნდა ავითვისოთ, გამოვიყენოთ საჩვენოდ და ჩვენი ფერმერების სასიკეთოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი პრაგმატული, გონივრული პოლიტიკის მთავარი მიმართულებები.

ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ნატო-სთან მიმართებაში. გვქონდა რეალური, ხელშესახები პროგრესი და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკა. „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული მიღწევები, მაგრამ ჩვენ ამ მიღწევებით არ ვკმაყოფილდებით, გვინდა მეტი პროგრესი დ განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს, ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. ჩვენ ასევე ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას. ოზურგეთში ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები და ეს გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი ახალგაზრდებისთვის, დამსვენებლებისთვის, ტურისტებისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით ტურიზმის დეპარტამენტი ამზადებს ახალ პროექტებს, ყველგან შევქმნით დამატებით ტურისტულ ლოკაციებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.