შალვა პაპუაშვილი ISFED-ზე: კომუნიზმი დიდი ხნის წინ გადავაგდეთ და 99,99%-იანი მხარდაჭერის მოლოდინი რომ აქვს დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, ცოტა არ იყოს, გასაკვირია

კომუნიზმი დიდი ხნის წინ გადავაგდეთ და 99,99%-იანი მხარდაჭერის მოლოდინი რომ აქვს დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას საარჩევნო კომისიების წევრებთან დაკავშირებით.

„გუშინ ISFED-მა განცხადება გამოაქვეყნა, საარჩევნო კომისიის წევრები დაბალი კვორუმით აირჩიეს და ამიტომ კომისიების მიმართ ნდობა პრობლემა არისო. ეს თქვა და იქვე დაწერა, რომ თურმე საუბნო საარჩევნო კომისიის 29 086 წევრიდან 88,46% – თითქმის 26 000 ადამიანი…. ანუ ოცდაექვსი ათასი…ათიათასები… 2/3 უმრავლესობით აირჩიეს.

მერე გააგრძელა და ასევე დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“, ანუ 17-დან 3 წევრი, თურმე, საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას კენჭისყრებში… არც ერთში. სულ რომ ISFED-ის დირექტორი ყოფილიყო წევრობის კანდიდატი, მაინც არ მიიღებდნენ. მათ კომისია და 2 ოქტომბერი არ აინტერესებთ. არჩევნების მეორე დღეს და არეულობას უმიზნებენ და რაც უფრო ნაკლებ რამეზე აწევენ ან მოაწერენ ხელს, ეგ ურჩევნიათ.

ჰოდა, 17-დან 3 წევრი საერთოდ რომ არ იღებდა მონაწილეობას კენჭისყრაში, გამოდის, რომ ამ 29 086 არჩეულ წევრს კენჭისყრაში მონაწილე 14 წევრიდან მინიმუმ 11-12 წევრმა დაუჭირა მხარი (სადაც მინიმუმ 2-3 ოპოზიციური პარტიის ხმაც იყო). ანუ ამ ხალხმა 80-85%-იანი მხარდაჭერა მიიღო და ეს არის დაბალი კვორუმი?

კომუნიზმი, მგონი, დიდი ხნის წინ გადავაგდეთ და 99,99%-იანი მხარდაჭერის მოლოდინი რომ აქვს დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, ცოტა არ იყოს, გასაკვირია.

დაბოლოს, ჩემი ფავორიტი პასაჟი ISFED-ის განცხადებიდან – სწორედ ასეთი „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები დასკვნები“ არის, ძირს რომ უთხრის მათ მიმართ ნდობას.