გივი მიქანაძე – ჩვენი ოპონენტების სურვილია გააჟღერონ, თითქოს გუნდში დაპირისპირებაა – ირაკლი კობახიძესთან ყოველდღიურ რეჟიმში ვართ კოორდინაციაში და გუნდი არასდროს ყოფილა ასე ერთიანი, როგორც ახლაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთლიანად საარჩევნო შტაბის უფროსია და საარჩევნო კამპანიას პარტიიდან ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები ცდილობენ, რომ ისე წარმოაჩინონ ვითარება თითქოს, „ოცნებაში” რაიმე დაპირსპირებაა.

„ძალიან დიდი სურვილი აქვთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს გააჟღერონ, თითქოს გუნდში რაღაც დაპირისპირებაა. ეს არის ძალიან მარტივი თემა – ირაკლი კობახიძე არის მთლიანად შტაბის უფროსი და შესაბამისად, სწორედ პარტიიდან ხელმძღვანელობს საარჩევნო კამპანიას. გუნდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ წარდგენები განახორციელოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ხედავთ, რომ ყველა წარდგენაზე სწორედ ისინი არიან, წარადგენენ მერობის კანდიდატებს და ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს. თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ქალაქშიც ჩადიან, მაგრამ ეს აქტივობები, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმებული და გავლილია პარტიის ხელმძღვანელობასთან, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძესთან. ყოველდღიურ რეჟიმში, თითოეული ჩვენგანი, გუნდის წევრი ვართ შტაბის ერთიან ხელმძღვნაელთან ირაკლი კობახიძესთან კოორდინაციაში. გუნდი არ ყოფილა ასე ერთიანი არასდროს, როგორც ახლაა, მინდა დაგარწმუნოთ,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.