პაატა იმნაძე – ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კახეთის რეგიონში მობილობა საკმაოდ დიდია და რისკებიც მზარდია.

მისივე განმარტებით, ჯერჯერობით ე.წ ლოკდაუნი არ განიხილება, თუმცა საუბარია რეგულაციების გამკაცრებაზე.

“კახეთში შეიძლება იყოს არასასიამოვნო პროგნოზი, იმიტომ რომ მობილობა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ რთველი იწყება. დიდი იმედი მაქვს კახელების სიბრძნის და ისინი, ვიცი, რომ კარგად ჩაებმებიან აცრების კამპანიაში. ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას. ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება,” – აცხადებს პაატა იმნაძე.