სერგო ჩიხლაძე – თუ ამხელა პროცენტები აქვს, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? – არანაირი ნდობა „ოცნების“ კვლევას არ აქვს

თუ ამხელა პროცენტები აქვს, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? – არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს, – ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

ჩიხლაძე აღნიშნულ კვლევას არასანდოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი წინასაარჩევნოდ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევებს, სანდოობა, რა თქმა უნდა, არ აქვს. ეს არის წინასაარჩევნო მცდელობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ მოსახლეობაზე. წერენ პროცენტებს, რომელიც მათ აწყობთ. მანამე ჩვენ ვნახეთ, თბილისზე იყო ანალოგიური კვლევა, სადაც 60%-ზე მეტი დაიწერეს. ეს სანდოობას არ იწვევს.

კითხვა დავსვათ, თუ ამხელა პროცენტები აქვთ, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? გავიდა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ 43%. არც ერთი კვლევით, მათ შორის საერთაშორისო კვლევებით (გარდა იმისა, რასაც „ქართული ოცნება“ უკვეთავს), არც ჩვენი და სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის კვლევებით 30%-ზე მეტს ვერ აგროვებს. არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს. ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება და მცდელობა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს კვლევებით, რომ ის არის უპირობო ლიდერი. არაფერს ვამბობ სხვა პარტიების პროცენტებზე და განსაკუთრებით სასაცილოა „პატრიოტთა ალიანსის“ წინ წამოწევა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთი კონგლომერატის ან ერთი პარტიის გარშემო გავერთიანდებოდით, ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავდა არჩევანს ოპოზიციური სპექტრის ამომრჩევლისთვის. ოპოზიციური ამორჩეველი მრავალფეროვანია, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების. ამით ჩავკეტავდით გზას, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს, იმიტომ, რომ ერთი არჩევანის დატოვების შემთხვევაში, ძალიან ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი შეიძლება უბრალოდ არ მივიდეს არჩევნებზე. ამიტომ კარგია, რომ რამდენიმე ალტერნატიული არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება ოპოზიციურ ამომრჩეველს. ვფიქრობთ, ეს არის სწორი ტაქტიკა, რაც ემსახურება მიზანს, რომ მთლიანად ოპოზიციურ ველზე დაიდოს მეტი ხმა. ოპოზიციურ ყულაბაში დავდოთ მეტი ხმა. ჩვენ გვაქვს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული ხედვა, ალტერნატიული გზა და ამას მივიტანთ ამომრჩევლამდე“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობა“- 32.6%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.6%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ – 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველო“- 2.2%; „მოქალაქეები“ 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ – 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%.