საქართველოში რომელიმე ბავშვს სჭირდებოდეს საავადმყოფოში მოთავსება და მას უარი ვუთხრათ, ასეთი მდგომარეობა საბედნიეროდ ჯერჯერობით არ არის – ივანე ჩხაიძე

საქართველოში რომელიმე ბავშვს სჭირდებოდეს საავადმყოფოში მოთავსება და მას უარი ვუთხრათ, ასეთი მდგომარეობა საბედნიეროდ ჯერჯერობით არ არის, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, პედიატრიული კლინიკების რესურსი მაქსიმალურად არის გამოყენებული.

„ბოლო, რამდენიმე კვირის განმავლობაში დამატებით გამოიყო საწოლები, როგორც იმ კლინიკების ბაზაზე, სადაც ხორციელდებოდა კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვა, ასევე რამდენიმე კლინიკა დაუბრუნდა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაწილეობას კოვიდინფიცირებული პაციენტების დიაგნოსტიკას და მკურნალობას, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა დატვირთვა პედიატრიულ საწოლებზე. დღეისთვის ამ მხრივ დეფიციტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემებია ჰოსპიტალიზაციის განხორციელების დროში, მაგრამ ისე, რომ საქართველოში რომელიმე ბავშვს სჭირდებოდეს საავადმყოფოში მოთავსება და მას უარი ვუთხრათ, ასეთი მდგომარეობა საბედნიეროდ ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.