ჯო ბაიდენი Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცებაზე: ის მომენტი, რომელსაც ელოდებოდით, უკვე დადგა – დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი მომენტია პანდემიასთან ბრძოლაში.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: თუ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მილიონობით ამერიკელიდან, ვინც განაცხადა, რომ ვაქცინას არ მიიღებდა მანამ, სანამ სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მას სრულად არ დაამტკიცებდა, გაცნობებთ, რომ ეს უკვე მოხდა. ის მომენტი, რომელსაც ელოდებოდით, უკვე დადგა. დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია.

„ვაქცინაცია უფასო, მარტივი, უსაფრთხო და ეფექტურია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.