მიხეილ სარჯველაძე – შარლ მიშელთან შეხვედრები კიდევ იქნება და ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის უკავშირება 19 აპრილის შეთანხმებას – შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება

შარლ მიშელთან შეხვედრები იქნება კიდევ და ეს არ ნიშნავს, რომ ის უკავშირება ყოველთვის 19 აპრილის შეთანხმებას – შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უკრაინაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.

სარჯველაძის განცხადებით, შეთანხმების ანულირება მოლაპარაკების მაგიდასთან თავიდან დაჯდომას არ განაპირობებს, თუმცა, თვითონ პოლიტიკური პროცესი არის ისეთი, რომელიც მოითხოვს დიალოგს და მოლაპარაკებებს.

„ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი ძალაშია. კონკრეტული ოფიციალური პირები არიან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს, მეორე კი იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობის პირს, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს სტრატეგიული მიზანია. შესაბამისად, შეხვედრები იქნება კიდევ და კიდევ და ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს და არ უკავშირება ყოველთვის ამ შეთანხმებას. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საუბარი შეთანხმების შინაარსთან, საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც გაცხადდა მედიისთვის და რაც ითქვა, საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია იმ დღის წესრიგით, რომელზეც ვთანხმდებით ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით. შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება.

ზოგადად პოლიტიკური პროცესი არის თვითონ ისეთი, რომელიც მოითხოვს დიალოგს და მოლაპარაკებებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.