ირაკლი ქადაგიშვილი – ნუ უტრირებთ განცხადებას, შარლ მიშელს არ უთქვამს, რომ რეფორმებს არ ვაკეთებთ, მან თქვა – გააგრძელეთ რეფორმები და ეს გრძელდება

ნუ უტრირებთ განცხადებას, შარლ მიშელს არ უთქვამს, რომ რეფორმებს არ ვაკეთებთ, მან თქვა – გააგრძელეთ რეფორმების კეთება და ეს გრძელდება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში რეფორმები თანმიმდევრულად ხორციელდება.

„რეფორმები გაგრძელდება. საარჩევნო და ყველა დემოკრატიული პროცესი ბოლომდე მივა, საქართველოს არანაირი სანქცია არ ემუქრება. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყველა დავინახავთ, მათ შორის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ის, რომ ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი გზავნილით მხოლოდ იმ ინფორმაციის პროპაგანდას ეწევიან, რაც სანქციების შემოღებას უნდა უწყობდეს ხელს, გარკვეულწილად ასეთი განცხადების გარკვეული კონტექსტი ამითაც არის გამოწვეული, თუმცა თუ რეალურად დასკვნებს შევხედავთ, რომელიც მოდის და ამ დასკვნებში აღქმების გარდა, წავიკითხავთ კონკრეტულად კანონთან და პროცესებთან დაკავშირებით რა შენიშვნები არის, დავინახავთ, რომ თურმე, კანონი კარგი გვაქვს, უბრალოდ, ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში. რადგან ოპოზიცია არ მონაწილეობს, ე.ი. აღქმა ცუდია და ის, რასაც ოპოზიცია აფუჭებს, ვერ იქნება საბოლოო ჯამში სანქციის განმაპირობებელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის განცხადებით, მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.