თამარ გაბუნია – არსებობს მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს და სწორედ კლინიკებიდან მოხდეს პერსონალის გადანაწილება

ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ, ეს რესურსი მობილიზებულია და კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსების მობილიზებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გეგმური ჩარევების შეჩერება იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას, შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს და ჰოსპიტლიდან მოხდეს პერსონალის გადანაწილება, ვინაიდან „დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება“.

„იმ ფონზე, რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები, ესეც იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას. რაც შეეხება სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ ეს იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით ბათუმსა და ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა, იმის აუცილებლობა, რომ იქ სარეზერვო სივრცე შეიქმნას, არ არსებობს, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება ჰოსპიტალთან ახლოს, იმავე პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე ეს შესაძლებელია. დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.