ამირან გამყრელიძე – ჯერჯერობით, ჟანგბადის დეფიციტი არ გვაქვს და ამ თვალსაზრისით ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაში არ არის, ყველას, ვისაც სჭირდება, ჟანგბადი მიეწოდება

ჟანგბადის ნაკლებობა არ არის, მაგრამ დიდი მოთხოვნაა, რადგან შემთხვევათა რიცხვიც ასევე დიდია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

მისივე თქმით, ჟანგბადის მოჭარბებული მოხმარება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 58 000 აქტიურმა შემთხვევამ განაპირობა.

„7400-მდე პირი კლინიკაში მკურნალობს და მათი დიდი ნაწილი ჟანგბადზე არის დამოკიდებული. ამიტომაც, ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება. ყველა საავადმყოფო მაღალი დატვირთვის რეჟიმში მუშაობს. ძალიან ბევრ კლინიკას ჟანგბადის ქარხნები აქვს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჟანგბადის წარმოების არაერთი, რამდენიმე პუნქტი არსებობს და ამასთან ერთად, ხდება ჟანგბადის იმპორტიც.

ჯერჯერობით, ჟანგბადის დეფიციტი არ გვაქვს და ქვეყანა ამ თვალსაზრისით კრიტიკულ მდგომარეობაში არ არის. ყველას, ვისაც სჭირდება, ჟანგბადი აუცილებლად მიეწოდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.