ლიეტუვას ელჩი საქართველოში – უმნიშვნელოვანესია ცესკოს როლი საარჩევნო პროცესის ღიად და სამართლიანად წარმართვის პროცესში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღეს ლიეტუვას ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას და მის მოადგილეს საულიუს ვალაინისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ლიეტუვას ელჩმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცესკოს როლი საარჩევნო პროცესის ღიად და სამართლიანად წარმართვის პროცესში.

ანდრიუს კალინდრამ არჩევნების ღიად და სამართლიანად ჩატარებაში საერთაშორისო მისიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ოქტომბრის არჩევნებს ბევრი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება.

„ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დემოკრატიზაციის მთავარ წყაროს კი სწორედ რომ ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ კუთხით, მინდა აღვნიშნო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს სანდო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი მუნიციპალური არჩევნებისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საზოგადოების მხრიდან არჩევნებისადმი მაღალი ნდობის მისაღწევად ჩვენი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში ჩაერთვება ბევრი

საერთაშორისო დამკვირვებელი და საარჩევნო ადმინისტრაციისგან იქნება დიდი ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ლიეტუვას მოქალაქეები საარჩევნო მისიებით აუცილებლად ჩამოვლენ 2 ოქტომბრისთვის. საქართველოს მომავალი ეს არის ევროპის მომავალი,“ – განცხადა ანდრიუს კალინდრამ.