პირდაპირ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას – მაჩალიკაშვილი პანკისის სპეცოპერაციაზე

ყოველი არჩევნების წინ ხეობაში ასეთი დაკავება ხდება, რომ მერე მათ ოჯახებს გათავისუფლების სანაცვლოდ ხმები მოსთხოვონ – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რითაც პანკისი ხეობაში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

გაერთიანებული ოპოზიციიის კანდიდატი პანკისის ხეობაში აცხადებს, რომ ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს. ვახა მაჩალიკაშვილის თქმით, დაკავებულები მისი ახლობლები და მხარდამჭერები არიან.

,,მე წარვადგინე ჩემი კანდიდატურა საკრებულოს არჩევნებში. ვარ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. ეს დაკავება პირდაპირ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტივობას, რადგან იქ 2 მაჩალიკაშვილია დაჭერილი, ერთი ჩემთვის ყველაზე სანდო ადამიანების ძმისშვილია, მესამე ჩემი აქტიური მხარდამჭერის შვილია. ყოველი არჩევნების წინ 4-5 ახალგაზრდა ჰყავთ დაჭერილი პანკისში. პირდაპირ მიდიოდნენ ოჯახებში და ეუბნებოდნენ, შენი შვილის თავისუფლების სანაცვლოდ 200 ხმას მოიტანო” – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია პანკისის 2 სოფელში დღეს დილით ერთდროულად ჩატარდა. ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 5 ახალგაზრდაა დაკავებული.