კახა კალაძე: ესტონეთის პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი – ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც კერსტი კალიულაიდმა აღნიშნავს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად.

„ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმები, უამრავი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი განცხადებები პრობლემებს ქმნის, პირველ რიგში, ჩვენს ხალხში, ქართველებში, რადგან უჩენს სკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი, აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა ესტონეთის პრეზიდენტს, ასეთი ტიპის განცხადებები აფუჭებს თუ არა ურთიერთობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.