„ევროპული საქართველოს“ წევრის შვილი, რომელზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს, აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო და ბიძასთან იმყოფებოდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის შვილი, რომელზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს, თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა. ამის შესახებ 19 წლის ზაქრო ქუსრაშვილმა თელავის რაიონული სასამართლოს ეზოში განაცხადა.

როგორც ზაქრო ქუსრაშვილი აცხადებს, დედას დაურეკა, რომელმაც მისი ზარი არასწორად გაიგო.

„ბიძაჩემთან ვიყავი ჩასული. დედაჩემს დავურეკე, მაგრამ სხვანაირად გაიგო“, – განაცხადა ზაქრო ქუსრაშვილმა.

19 წლის ზაქრო ქუსრაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია პარტია „ევროპულმა საქართველომ“ და მისი ოჯახის წევრებმა გუშინ, გაავრცელეს.

ზაქრო ქუსრაშვილის დედამ, ნინო გალახვარიძემ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.