გიორგი კალანდარიშვილი – ვიდეო-კამერები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს გადასცა, ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას

ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ვიდეო-კამერები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს გადასცა, ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას, ასევე, მხარეებს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული საკითხებით მოახდინონ გარკვეული მანიპულაციები, რომელიც შესაძლოა, ხმების დათვლის დროს იყოს.

„გარდა იმისა, რომ პირველად მოხდება ბოლო წლების განმავლობაში ასეთი უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას და მოსხნის ყველა კითხვის ნიშანს, ასევე, მხარეებს არ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული საკითხებით მოახდინონ გარკვეული მანიპულაციები, რომელიც შესაძლებელია ხმების დათვლის დროს იყოს. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ერთ-ერთ წამყვან ონლაინ საერთაშორისო პლატფორმასთან, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოობით და სანდოობის ხარისხით.

ყველა იმ უბნის ვიდეოჩანაწერი, სადაც მოხდება ვიდეოფიქსაცია, მოხდება მათი ონლაინ განთავსება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს შესაბამისი კენჭისყრის დღის ხმების დათვლის პროცედურას. ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ასევე გარკვეული მანიპულაციების პრევენცია იქნება და რაც მთავარია, უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობის მაღალი სტანდარტი“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

მისივე თქმით, 3 200 უბანზე მოხდება ვიდეოფიქსაცია.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 700-მდე ვიდეო კამერა გადასცა, რომლითაც არჩევნების დღეს ბიულეტენების დათვლის ვიდეო გადაღება მოხდება.