კახა კალაძე: ათივე რაიონში თითო ამცრელი ავტობუსი იმოძრავებს და ეტაპობრივად ეს პროექტი მთელ დედაქალაქს მოიცავს

ათივე რაიონში თითო ამცრელი ავტობუსი იმოძრავებს და ეტაპობრივად ეს პროექტი მთელ დედაქალაქს მოიცავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ასეთი კარგი წამოწყებისთვის. რაც შეეხება ჩვენს თანამონაწილეობას ვაქცინაციაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ყველანაირი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ გაფართოვდეს ვაქცინაციის პროცესი. დღეს ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო იმყოფება, ვებრძვით უხილავ მტერს კორონავირუსს, ერთადერთი იარაღი ამ ომში გამარჯვებისთვის არის ვაქცინაცია და ყველაფერი უდნა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს. ძალიან კარგია ეს წამოწყება. პირველ ეტაპზე სამი ავტობუსი იქნება დედაქალაქის მასშტაბით და ეტაპობრივად ათამდე გაიზრდება. ათივე რაიონში თითო ავტობუსი იმოძრავებს და ეს პროექტი მთელ დედაქალაქს მოიცავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.