ევროკომისიის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალჩინოსანმა ღარიბაშვილზე მითხრა, ეს არის კლინიკური იდიოტიო – მისი დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას თავისი აზრი ჩამოუყალიბდეს – სააკაშვილი

„დაწყებული ავღანეთიდან, ამერიკიდან და დამთავრებული ევროპით, ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან, იყო ქართველების დახმარების მცდელობა, რომელშიც ესენი ხელს მიშლიან. ვუშოვე ევროპაში ვაქცინები, მათ დარეკეს, არ გვინდა, თავი დაგვანებეთო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით ივანე კრილოვის იგავ-არაკიც „მელია და ყურძენი“ გაიხსენა.

„ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის ევაკუაციისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი, უთქვენოდაც ყველაფერს გავაკეთებთო. რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ დახმარება შეუჩერონ?! ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას თავისი აზრი ჩამოუყალიბდეს.

ბევრს დავდივარ, ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით, ბრიუსელში ბოლო ერთ-ერთი ვიზიტის დროს ევროკომისიის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალჩინოსანმა მითხრა ღარიბაშვილზე, „ეს არის კლინიკური იდიოტიო“, ვციტირებ.

მე ამათგან განსხვავებით, სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ის იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მისწვდა ყურძენს, დარჩა ამოძუებული, მაგრამ მაინც არ გაიტეხა ვითომ კუდიანმა გული და ეს ურცხვად დაიკვეხნა – „რომ არ ვსჭამე კარგი ვქენი, გეფიცებით შვილებსაო, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“. აი, ეს არის ზუსტად ივანიშვილის და მისი მთავრობის ევროკავშირთან დამოკიდებულება – „მწარე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“. ვინ აძლევდა ყურძენს, ვერ წვდებოდა, ვეღარ მიწვდნენ და ვერც მიწვდებიან ეს მართლა ოროსნები“,- განაცხადა სააკაშვილმა.