ირაკლი ღარიბაშვილი – ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს დღევანდელი სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას

მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის დაფინანსების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ 150 მილიონის ოდენობით 2020 წელს აიღო სესხი და ამ 150 მილიონი ევროდან ნახევარი გადმოირიცხა შარშან და მეორე ნახევარი მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე.

„მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც გამოდიან აღნიშნული განცხადებებით. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას, როგორი სასამართლო ჩაიაბარა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ. 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამასთანავე, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალია რეიტინგული ორგანიზაციების ჩატარებული კვლევის შედეგად. მინდა გითხრათ, ჩვენ რა თქმა უნდა, რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ იქ საუბარი იყო გარკვეულ ვადებზე. ჩვენ თუ ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომელიც იყო განსაზღვრული, იქ ვადებიც იყო გაწერილი, დაახლოებით 2022 წლის მაისი ეწერა, თუმცა იმის მიუხედავად, ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ვინაიდან მეორე მხარემ ხელი არ მოაწერა, „ნაცმოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი და მათ რომ მოეწერათ, ჩვენ დავრჩებოდით ამ ხელშეკრულებაში, ჩვენ ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმების. ჩვენ ამ რეფორმებს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური, ორნიშნა ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებულა უკვე 10-12 წელზე მეტია, მეორე კვარტალში იყო 29-პროცენტია ზრდა, შვიდ თვეში 12-პროცენტიანი ზრდა, რამაც საშუალება გააჩინა, რომ ბიუჯეტში დამატებით შემოსავალი გაჩენილიყო.

„ამის შედეგად მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ ნელ-ნელა დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ეს სესხი,75 მილიონი ევრო, ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ფინანსური დახმარება, გრანტი და ასე შემდეგ, თუმცა ძალიან ბევრი დახმარება მიუღია სახელმწიფოს ევროკავშირისგან, დონორებისგან, ძალიან მადლიერები ვართ, ყოველთვის ვიქნებით მადლიერები“, – განაცხადა პრემიერმა.