ნიკა მელია – „ქართული ოცნება“ დამსახურებულად და სამართლიანად შევბოჭეთ!

„ქართული ოცნება“ ძალიან დამსახურებულად და სამართლიანად შევბოჭეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გასაქანი, გავიდნენ დასავლური სივრციდან მანამ, სანამ წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და სახელმწიფოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სტრატეგიულ მეგობრებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ შარლ მიშელის  დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ამისთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დღეს მეასე და მეორასე ხარისხოვანია. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და მიიღო სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გვყავს უკვე ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არცკი ერიდება გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უბრალოდ ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ საგარეო კურსს. საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება „ქართული ოცნების“ პირობებში. ამას უკვე ღიად საუბრობენ, ჰყოფნით კადნიერება „ქართულ ოცნებაში“ მაღალი თანამდებობის პირებს და საუბრობენ, რომ თურმე ევროკავშირს სურს „სახელოვანი“ ქართული სასამართლო სისტემის განადგურება. შესაბამისად, ისინი არ თვლიან მიიღონ დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ისინი არ ერიდებიან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორის გაკრიტიკებას და მოუწოდებენ მას საკუთარ თავს მიხედონ. ისინი აკრიტიკებენ პრაქტიკულად ყველა ევროპარლამენტარს და ეუბნებიან, რომ „თქვენ არ ხართ ჩვენი უფროსები“. ახლა გვაქვს შემდეგი მოცემულობა, ერთი მხრივ, აკეთებენ იმას, რაც ანტისახელმწიფოებრივია ანუ ზურგს აქცევენ ყველა სახის საერთაშორისო შეთანხმებას და ამას ამატებენ კონკრეტულ განცხადებებს, რითაც გვაყენებენ იმ რეალობის წინაშე, სადაც სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, 3 ოქტომბრის დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს და თქვან, რომ ისინი არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა მელიამ.