ხატია დეკანოიძე – ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომიკური ფიგურაა საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში

რას ამბობს ირაკლი კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომიკური ფიგურაა საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ ჩვენ, როგორც კი 43%-ს ქვემოთ დავტოვებთ „ქართულ ოცნებას“, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებას, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ გააკეთა და  მათ „პოლიტიკური თაღლითები” უწოდა.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს.

ამასთან, მისივე თქმით, ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო, უკვე ღია სახე არის რუსული ინტერესებით საქმიანობა.

„საქართველოში დამყარებულია კლეპტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერს კრემლი, პუტინი და ლავროვი, ამიტომ, ახლა ამ არჩევნებს, ამ დოკუმენტს, შეთანხმებას და ჩვენს ძალიან სერიოზულ ბრძოლას, არჩევნებში ჩართვას აქვს უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, ასევე, 43%-ს ქვემოთ „ქართული ოცნების“ დატოვებას.

ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ უნდა ჩამოიცილოს რუსული ხელისუფლება ძალაუფლებიდან. რა თქმა უნდა, ისევ უნდა აღასრულოს საქართველოს მოქალაქეების ნება, რომ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაშია. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ზუსტად იმ მნიშვნელოვან პრინციპს, რომ ჩვენ, მომავალ არჩევნებზე მთელი პროდასავლური ძალები უნდა ვიყოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან ეს ხელისუფლება წარმოადგენს საფრთხეს ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა, რომ „მოიფიქრეს პოლიტიკური თაღლითობა – ეს ხომ პრიმიტიულობაა, გულუბრყვილობაა, შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის და ჩვენი თავის, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს დღეს კიდევ ვინმემ რაიმე დაუჯეროს”.