დავით უთმელიძე: ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა!

რა პრობლემებია თბილისში, რამდენად აქტიურია საზოგადოება და როგორ უნდა გაიზარდოს სამოქალაქო თვითშეგნება? ამ და სხვა საკითხებზე თბილისის  საკრებულოს  ქართული ოცნებაკონსერვატორების”  ფრაქციის  თავმჯდომარეს  დავით  უთმელიძეს  გავესაუბრეთ.

-ბატონო დავით, სულ რამდენიმე ხნის წინ თქვენ მოსახლეობას გაწეული  საქმიანობის  შესახებ  ანგარიში წარუდგინეთ. სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეთ მოქალაქეების წერილების,  წინადადებებისა  და  საჩივრების განხილვაზე. საინტერესოა მოქალაქეების აქტიურობა-რა პრობლემებს წამოწევენ წინა პლანზე ამ წერილებში და რა წინადადებებით შემოდიან?

-მოსახლეობის ძირითად პრობლემებს წარმოადგენს – სოციალური, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის პრობლემები, აწუხებთ უმუშევრობა. ამ ბოლო დროს გახშირდა საერთო სარგებლობის ტერიტორიების მოწესრიგების შესახებ მომართვიანობა,რაც თავისთავად კარგია,რადგან სამოქალაქო აქტივობა საერთო პრობლემატიკაზე გაიზარდა.

-ძალიან ხშირად გაგვიგია განაწყენებული მოქალაქისგან, რომ კომუნიკაციის პრობლემაა და მათ არ აქვთ საშუალება  იგივე მაჟორიტართან, ან საკრებულოს დეპუტატთან შეხვედრის. როგორ ფიქრობთ, დგას თუ არა ეს პრობლემა და თუ არსებობს, არადა ზოგ შემთხვევაში რეალურად არსებობს, რატომ მოიკოჭლებს კომუნიკაცია მოქალაქეებსა და საჯერო მოხელეებს შორის?

-როგორც მე ვიცი თბილისის საკრებულოს წევრებთან კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა და არც იქნება. ყველა მაჟორიტარს აქვს კვირაში მინიმუმ ერთი დღე მოსახლეობასთან  ბიუროში შესახვედრად გამოყოფილი.

მუშაობენ ბიუროები,სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები და განცხადებების მიღება. აგრეთვე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საკრებულოს შენობაში მოსახლეობის მიღება, ასე რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.

-როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი და რა პირველი, აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემებია დედაქალაქში?

-სხვადასხვა პრობლემებია, მაგალითად მოსაწესრიგებელია სკვერები, სტადიონები და საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიები. დედაქალაქში მოსაგვარებელია საცობების პრობლემა, მიწისქვეშა და მიწის ზედა გადასასვლელები,სამოქალაქო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა

-დამეთანხმებით ალბათ, რომ თუ თავად ჩვენ, თვითოეულმა მოქალაქემ არ შევიგნეთ, რომ ეს ჩვენი ქალაქია და ყველამ უნდა მოვუაროთ, თუ არ ვისწავლეთ კანონის პატივისცემა, თუ არ გავითავისეთ, რომ ნაგვის პარკები პირდაპირ აივნებიდან არ გადავყაროთ, ან მანქანიდან ქუჩაში არ გადავაგდოთ სიგარეტის კოლოფი ან ნამწვავი, ან არ უნდა გავტეხოთ სკამი სკვერში და არ მოვჭრათ სურვილისამებრ ხეები, რაც არ უნდა კანონები მივიღოთ და ავამოქმედოთ, შედეგი არ დგება, როგორ ვიმოქმედოთ საზოგადოებაზე და როგორ ავამაღლოთ თვითშეგნება?

-აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამოქალაქო თვითშეგნება. როცა მოსახლეობა უპასუხისმგებლოდ იქცევა და იჩენს ბანალურ გულგრილობას იმ გარემოსადმი, რომელშიც ვცხოვრობთ-მაშინ სახელმწიფო ვალდებულია გაამკაცროს კანონმდებლობა,რათა აღკვეთოს გარემოს დაბინძურება გამოვლენის და დაჯარიმების სისტემით. ჩვენ თბილისში გვინდა მომავალი წლიდან შემოვიღოთ—ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია, რომელიც აღიჭურვება სპეციალურიკამერით და მოქალაქეთა მხრიდან ქუჩების დანაგვიანებაზე რეაგირებას მოახდენს, ვნახოთ რა გამოვა…

-თუმცა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება შედეგს არ იძლევა. მთავარი პრობლემაა ის, რომ დავუშვათ-კანონი კრძალავს საჭესთან მობილურზე ლაპარაკს, შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, დანაგვიანებას, ხმაურს ღამის საათებში, მაგრამ მაინც ვხედავთ ასეთ შემთხვევებს და ძალიან ხშირადაც. ხომ არ ფიქრობთ, რომ კანონის აღსრულების გაკონტროლების მექანიზმიც უნდა გაიზარდოს?

-რა თქმა უნდა პირველ რიგში პრევენციული ზომების გატარება ჯობია, მაგრამ თუ არ შველის, უნდა გამკაცრდეს კონტროლი, თუ პრევენცია და გაფრთხილება არ შველის, დამრღვევი უნდა იქნას დაჯარიმებული, ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა.

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება